ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, შესაძლოა, დღეს მიხეილ კალანდია დაიკითხოს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 24.07.2018
ნანახია: 787

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე დანაშაულის დაფარვისთვის ერთ- ერთი ბრალდებულის, გ.შ.-ს ადვოკატმა მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ კალანდია დაიკითხოს. 

"სავარაუდოდ, დღეს უნდა დაიკითხონ მოწმეები. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მოწმეები იქნებიან ინფორმირებული მოწმეები, ანუ ის მოწმეები, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოდგენილი საქმეებზე. ვგეგმავთ, რომ აღნიშნულ პროცესს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაესწროს. როგორც მას, ასევე ჩვენც გვექნება კრიტიკული კითხვები მოწმეებთან და მოვითხოვთ, მათგან ამომწურავ ინფორმაციას.
რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დაკითხვას, ის საქმის უმთავრესი მოწმეა წარმოდგენილ საქმეში. შესაბამისად, მისი დაიკითხვის თაობაზე ჩვენი მხრიდან მოთხოვნა პირველივე დღიდან არსებობს. გვსურს, რომ აღნიშნული მოწმე დაიკითხოს, ვინაიდან ის ფლობს ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას. შესაბისად, ვიმედოვნებთ, რომ კალანდია დღევანდელ პროცესზე მოყვანილი იქნება“, - განაცხადა მერაბ მამულაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე