თამარ სანიკიძემ და ვლადიმერ პაპავამ თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 03.12.2015
ნანახია: 1457

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორის კონფერენცია - "ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი" გაიხსნა. 
საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ გახსნეს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა. ღონისძიების მიზანია სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების განხილვა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
"საქართველომ პროგრამაში მონაწილეობით ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემები და თავისი პოზიციები. შედეგების მხრივ, ქვეყნებს შორის მეორე საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ, ხოლო პროგრამების რაოდენობის და გაცვლით პროგრამებში სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხრივ, 74 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე ვართ. ასეთი შედეგი წინა წლებში არ ფიქსირდებოდა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ხაზგასასმელია და ჩვენს უნივერსიტეტებს უნდა მივულოცოთ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას თქმით, ინტერნაციონალიზაცია თსუ-ს პრიორიტეტია.
"ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია წლიურ კონფერენციას ატარებს, რომელშიც უმაღლესი განათლების რეფორმა განიხილება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩამოსული არიან დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს არა ერთ ევროპულ პროგრამაში, ამიტომ ინტერნაციონალიზაცია ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტი და ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტების განვითარების მაგისტრალური გზა", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის აღმასრულებელი სააგენტოს დირექტორმა რალფ რადერსმა. მისი თქმით, საქართველომ ევროპასთან ქართული უნივერსიტეტების დაახლოების კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია.
"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის ეხება უნივერსიტეტების მოდერნიზებასა და ინტერნაციონალიზაციას. საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ევროპასთან ქართული უნივერსიტეტების დაახლოების კუთხით, რაც მიმართულია ამ დაწესებულებების მოდერნიზებაზე, ასევე სტუდენტებისა და მომუშავე პერსონალის გაცვლით პროგრამაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ევროპული პროგრამით შევძლებთ უმაღლესი განათლების სექტორისა და ეკონომიკის სტიმულირებას. დღეს ჩვენ ვმართავთ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან. ისინი იმსჯელებენ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ საგანმანათლებლო სწავლება, როგორ განვავითაროთ სწავლების ახალი მეთოდები და როგორ დავაახლოოთ მეზობელი ქვეყნები ევროკავშირთან", - აღნიშნა რალფ რადერსმა.
კონფერენციის ორგანიზატორია Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტო და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები არიან Erasmus+ საქართველოს ოფისი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე