ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 19.07.2018
ნანახია: 1094

2018 წლის 19 ივლისს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (The Governance Global Practice - GGP) უფროს დირექტორთან, დებორა ვეცელთან  (Debora Wetzel).

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში  მერსი ტემბონი, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

საუბარი, ძირითადად, შეეხო საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) 2017 წლის პოზიტიურ შეფასებას, რომელიც PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას.  

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ პარტნიორობა იმ რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას ქვეყანაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე