მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 12:18 | 18.07.2018
ნანახია: 836

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სანდოძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატებმა 2018 წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრეს. სასმართლომ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ალექსანდრე გირგვლიანის საქმესთან შემხებლობში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით გ. ა-ს, ა. ა.-ს, მ. ბ.-ს და ა. ღ.-ს შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე