რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 17.07.2018
ნანახია: 794

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის განცხადება სიურპრიზი არ არის.

მისივე თქმით, სიახლე არ არის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, თუმცა საქართველოს სწორედ იმიტომ სურს ალიანსის წევრობა, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან.

"ჩვენი ქვეყანა უკვე 200 წელზე მეტია, რუსეთის მსხვერპლია. ჩვენ, ისევე როგოც ბალტიის ქვეყნებმა, უნდა მოვახერხოთ და დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. ასევე, უკიდურესად წინააღმდეგი იყო რუსეთი, თავის დროზე, ჯერ ჩეხეთის, უნგრეთის და პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების, ხოლო 2004 წელს, როდესაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შევიდნენ ნატო-ში, საერთოდ ისტერიკა ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ნატო ფართოვდება. ნაბიჯები იდგმევა და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები. სწორედ მაშინ მოგვარდება და დალაგდება ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, როდესაც უკვე ვეღარ ჩათვლის, რომ ჩვენთან ადვილად გაუვა რაიმე მოქმედება”, – განაცხადა კახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დრო აუცილებლად დადგება, ეს არის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომლის ერთგულიც რჩება ნატო. მისივე თქმით, ჩვენ უბრალოდ ამ მომენტს უნდა დაველოდოთ, ისევე როგორც ამ მომენტს ელოდებოდა იგივე ლიტვა, ლატვია, ესტონეთი 2004 წლამდე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე