ტყიბულის შახტში დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

საქართველო, თბილისი - 11:17 | 17.07.2018
ნანახია: 717

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„ერთ-ერთს სხეულის 50 პროცენტი, ხოლო მეორეს 25-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი შედარებით მსუბუქი დამწვრობებით დამწვრობის ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უცნობია, როდის დატოვებენ საავადმყოფოს ტყიბულში დაშავებულები.

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე