„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზად არის, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

საქართველო, თბილისი - 17:38 | 16.07.2018
ნანახია: 965

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს, 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც ოთხი მეშახტე გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეებისოჯახის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე