საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების თემაზე კორპორატიული კლიენტებისთვის ვინსენტ ო’ბრაიენის ტრენინგი გამართა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 10.07.2018
ნანახია: 1387

მთელი საქართველოს ბანკმა, წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული და SME-ს კლიენტებისთვის ვაჭრობის და საქონლის მიწოდების დაფინანსების ჯაჭვის (Trade & Supply Chain Finance) თემატიკაზე სემინარი გამართა. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საბანკო კომისიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვინსენტ ო’ბრაიენი, რომელიც ვაჭრობის დაფინანსების ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა 100-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, მას 20 წელზე მეტი ხანია საქართველოსთან აკავშირებს  ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თანამშრომლობა. ვინსენტ ო’ბრაიენი ახლახანს დაინიშნა საერთაშორისო საბანკო სამართლისა და პრაქტიკის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორად (IIBLP).

სემინარის თემას წარმოადგენდა ვაჭრობის და საქონლის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საშუალებები და პროდუქტები, რასაც საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. ღონისძიების ძირითადი აქცენტები გაკეთდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ შეცნობასა და ათვისებაზე. ასევე, ვაჭრობასთან ასოცირებული რისკების მართვაზე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: გადახდის სხვადასხვა მეთოდები, საკრედიტო დოკუმენტბრუნვა, სავაჭრო მიწოდების პირობები. ასევე, კონკრეტული პროდუქტები: საერთაშორისო გარანტიები, დოკუმენტალური აკრედიტივები, სტენდბაი აკრედიტივები, ფაქტორინგული ოპერაციები, კომპანიებისა და ბანკების ვაჭრობის დაფინანსების ექსპერტების გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის საკითხები, თემატური ქეისები. 

საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სემინარს 40-ზე მეტი კორპორატიული და SME-ს კლიენტი ესწრებოდა. თოთოეულ მონაწილეს შემეცნებითი სემინარის დასრულების შემდეგ გადაეცა სერტიფიკატი.

საქართველოს ბანკი წლებია წარმატებით მუშაობს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი ვაჭრობის  დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე