საგამოძიებო კომისია 51-ე სკოლის მანდატურებს უსმენს

საქართველო, თბილისი - 17:23 | 09.07.2018
ნანახია: 780

„ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია 51-ე სკოლის მანდატურებს 3-კაციანი ჯგუფის ფორმატით უსმენს. 
როგორც საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, კომისიას მანდატურებისგან აინტერესებს, ფლობდნენ თუ არა ისინი ინფორმაციას სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, ფიქსირდება თუ არა ჩაგვრის შემთხვევები 51-ე სკოლაში, ასევე, რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია ხომ არ არის მათთვის ცნობილი ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. „კომისიის წინაშე ჩვენ გამოვიძახეთ 51-ე სკოლის მანდატურები, ვინც ამ ტრაგედიის დღეს სკოლაში იმყოფებოდნენ და მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იცოდნენ თუ არა მათ საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ. 
თუ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია, რა რეაგირება მოახდინეს, ჩააყენეს თუ არა ადმინისტრაცია საქმის კურსში. მოგეხსენებათ, წინა კვირას ჩვენ გამოვკითხეთ სკოლის დირექტორები და 51-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გვითხრა, რომ მანდატურებს მისთვის რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ საპირფარეშოში მოხდა ინციდენტი. ჩვენ გვაინტერესებს, იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ. ასევე გვაინტერესებს, ფიქსირდება თუ არა ჩაგვრის შემთხვევები 51-ე სკოლაში და თუ ფიქსირდება, რა რეაგირებაა მანდატურების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდება ხომ არ შეუძლიათ საგამოძიებო კომისიისთვის იმ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე,” - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრა დახურული ფორმატით მიმდინარეობს.
 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე