ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 02.12.2015
ნანახია: 1748

დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, მთავარი პროკურორის მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები,  და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილის და განყოფილების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პროკურორები და  საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი ესწრებოდა.

მთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების ხედვებზე, სამომავლო გეგმებზე, მათი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს პროკურატურის განვითარების საკუთარი პროგრამა გააცნო, ასევე ამცნო რომ მუშაობა დაწყებულია და უახლოეს მომავალში შემუშავდება პროკურატურის განვითარების 6 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაშიც თითოეული პროკურორი ჩაერთვება. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა,  პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და  ეფექტური გახდეს უწყების საქმიანობა დანაშაულთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და პროკურატურის იმიჯის გაძლიერების მიმართულებით. განისაზღვრა პრიორიტეტები, რაც  პროკურატურის რეფორმირების და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას, დაჩქარებას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიების კუთხით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება, პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით მუშაობა, საზოგადოებასთან დაახლოების კუთხით ღია კარის დღეების დანერგვა, დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება უწყებისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.  მთავარმა პროკურორმა ასევე, ყურადღება გაამახვილა პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების, მათი დამოუკიდებლობის, სტაბილურობის და უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი საქართველოს პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც მოხდება გამომძიებლების და პროკურორების საქმიანობის ობიექტურად შეფასება, მათი დაწინაურების და წახალისების, ასევე გადაცდომის შემთხვევაში დისციპლინური ზომების გატარების საკითხების კოლეგიურად გადაწყვეტა.

გამომძიებლების და პროკურორების მუშაობის ეფექტურობა და ხარისხის შეფასება ასევე ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება, რომლის დანერგვაც საქართველოს პროკურატურაში უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა გამომძიებლების და პროკურორების შეფასებისას მხოლოდ აღნიშნული ელექტრონული სისტემის მონაცემები არ იქნება განმსაზღვრელი, შეფასებისას სხვა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებაც მოხდება, რომლის განსაზღვრა მხოლოდ სტატისტიკით შეუძლებელია, როგორიცაა საქმის სირთულე, რეზონანსულობა და ა.შ.

შეხვედრაზე პროკურატურის თანამშრომლებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი პროკურატურა მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროკურატურაა, რაც პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული განვითარების თანამედროვე და უწყვეტი სისტემის შექმნით მიიღწევა. მისი თქმით თითოეული პროკურორი დამოუკიდებელი ფიგურაა, მისი ქცევით და ქმედებებით ფორმირდება სამართლებრივი აზრი პროკურატურის შესახებ და  პროკურატურის იმიჯზე ზრუნვა ყველა მათგანის  ვალდებულებაა.

გაფართოებულ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა და მოადგილეებმა თანამშრომლებს მოუწოდეს რომ პროკურატურის განვითარების 6 წლიანი პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე