კახა კახიშვილი მოლდოვის დელეგაციას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 02.12.2015
ნანახია: 1847

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის პირადი მოწვევით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია   ეწვია.  

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილი სტუმრებს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. პენიტენციური და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მოლდოვურ მხარეს პრეზენტაციები წარუდგინეს, სადაც გაწეულ სამუშაოსა და დაგეგმილ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს ედუარდ სერბენკოს მოლდოვა-საქართველოს შორის ორმხრივი მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს  შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

„დაახლოებით 2 თვის წინ ვიმყოფებოდი ოფიციალური  ვიზიტით მოლდოვაში, სადაც იუსტიციის მინისტრს ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის კუთხით განხორციელდა. საკითხს მოჰყვა დაინტერესება და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლდოვის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდოდა და უფრო დეტალურად გაეცნობოდა იმ რეფორმათა პაკეტს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. შევთანხმდით, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩვენი თანამშრომლები  ექსპერტების რანგში გაემგზავრებიან მოლდოვაში და იუსტიციის სამინისტროს იმ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან, რომელიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა“ - განაცხადა კახა კახიშვილმა

მოლდოვის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება რეფორმის დაგეგმვისა და მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებზე,  საკანონმდებლო ცვლილებებსა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე  გაამახვილა. მათი განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები შთამბეჭდავია და კურსი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქვს არჩეული მათთვის მისაბაძია. ასევე, სურვილი გამოთქვეს კიდევ უფრო ღრმად გაეცნონ კონკრეტულ საკითხებს და ქართული მხარისგან რჩევები მიიღონ. ედუარდ სერბენკომ  კახა კახიშვილი თანამშრომლებთან ერთად  მოლდოვაში მიიწვია.

„ნამდვილად შთამბეჭდავია ის შედეგები, რაც პენიტენციურმა სისტემამ გატარებული რეფორმების შედეგად მიიღო, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. ეს არის რეფორმები, რომლებიც დიდ დროს და ენერგიას საჭიროებს. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დეტალური და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ და ასევე მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ გაგრძელდება. ჩვენთვის თქვენგან მიღებული რეკომენდაციები ძალიან მნიშნველოვანია, ისევე როგორც, თქვენი დახმარება და მხარდაჭერა“- განაცხადა ედუარდ სერბენკომ.

მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება და ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პენიტენციურ დაწესებულებებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს მოინახულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე