ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 14:19 | 20.06.2018
ნანახია: 922

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გულისხმობს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნა ბახტაძემ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ ქართველი სამხედროები, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე