ნიუ იორკის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 20.06.2018
ნანახია: 1873

ნიუ იორკის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე  ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.

მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

მანჰეტენის პროკურორის ჯეფრი ბერმენის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადასტურეს ბრალი, რომლის მიხედვითაც შულაია და ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას.

შულაია, „კანონიერი ქურდი“ რუსეთიდან – ამერიკის კანონმდებლობით უკვე დამნაშავედ ცნობილი ქურდია. ორივე ბრალდებული (შულაია და ხურციძე) ახლა საკუთარ დანაშაულებზე სასჯელს ელოდება“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორი განმარტავს, რომ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში დაუდასტურდა, რა ბრალდებებიც ცალ-ცალკე 20-20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე კანონმდებლობის შესაბამისად თავად გადაწყვეტს.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე