ახალ სამთავრობო შემადგენლობაში თეა წულუკიანი არ უნდა დარჩეს - ეკა გიგაური

საქართველო, თბილისი - 13:02 | 18.06.2018
ნანახია: 954

ვფიქრობთ, რომ ახალ სამთავრობო შემადგენლობაში ქალბატონი თეა არ უნდა დარჩეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო 6 წლის განმავლობაში არ იყო ეფექტური მართლმსაჯულების მიმართულებით. 

"საზოგადოებას კვლავაც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. დღესაც ჩვენ სასამართლოში გვყავს ჩინჩალაძის და მურუსიძის მსგავსი მოსამართლეები. მიუხედავად ოთხი ტალღის რეფორმისა, მაინც ვერ მოხერხდა ასეთი მოსამართლეების გაშვება სასამართლოდან.

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებითაც გვქონდა კითხვები, რადგან რეფორმა, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა. შეიცვალა მხოლოდ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, თუმცა ეს წესიც არ არის შესაბამისი და საზოგადოება ამ პროცესში ჩართული არ არის. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეფორმაც ჩავარდა, რადგან მექანიზმი, რომელსაც გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო, ვერ გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს. იუსტიციის სამინისტროში გვაქვს პრობლემატური ტენდენცია, რადგან იგი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფრის გამო, ვფიქრობთ, რომ ახალ სამთავრობო შემადგენლობაში ქალბატონი თეა არ უნდა დარჩეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული",- განაცხადა გიგაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე