ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები - ირაკლი ნადირაძე

საქართველო, თბილისი - 16:24 | 12.06.2018
ნანახია: 1405

ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები. მსგავსი ფორმები ცივილიზებულ მსოფლიოში არ მინახავს, - ასე გამოეხმაურა "ჯი-ეიჩ-ენთან" გუშინ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

მისი განმარტებით, ის ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდით დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც თავადაც დააკავეს.

"აბსოლუტურად უკანონოდ დამაკავეს. ზოგადად, ამ აქციებზე როგორც რიგითი მოქალაქე და ოთხი შვილის მამა დავდივარ, შესაბამისად, გუშინაც ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე,სადაც ასეულობით პოლიციელი იმყოფებოდა. როცა ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მივედი და ვნახე რომ ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდნენ ძალიან მძიმე, ძალადობრივი მეთოდებით, ყელში წაჭერებით. პოლიციელებს ვკითხე, თუ რას აკეთებდნენ, რადგან პარლამენტის დეპუტატის დაკავება არ შეიძლებოდა და ნუ დაახრჩობდნენ. არც დამამთავრებინეს ამის თქმა, ზუსტად ასევე მომეპარნენ უკნიდან, მეც უკნიდან ვიღაცამ ყელზე წამიჭირა და რა ფორმებით მოხდა ჩემი საპატრულო მანქანამდე მიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად ნახა", - აცხადებს ნადირაძე.

როგორც ის აღნიშნავს, დაკავების შემდეგ ის საპატრულო პოლიციის მანქანაში დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

"მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის მანქანაში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში ვყავდი გაჩერებული ალექსანდროვის ბაღთან, ტელეფონზე ალბათ, ასზე მეტი ზარი განახორციელეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, ჩემთან დაკავშირებით რა უნდა გაეკეთებინათ. მხოლოდ, 40 წუთის შემდეგ პატრულის თანამშრომელი ჩაჯდა მანქანაში და თქვა, რომ მაკავებდნენ. როცა მისმა კოლეგამ კითხა, ვის ესაუბრა, სუს-ის უფროსს ველაპარაკეო, უპასუხა. შემდეგ საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან გადამიყვანეს, იქ უკვე მითხრეს, რომ ხელწერილით მათავისუფლებდნენ, როცა დამირეკავდნენ ჩუღურეთის პოლიციაში უნდა გამოვცხადებულიყავი, მეორე დღეს კი სასამართლო მექნებოდა. ამ წუთამდე არავინ შემხმიანებია პოლიციიდან. ეს მეტყველებს რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ აქვთ და ვერც ექნებათ. იქ ამ ფაქტს იღებდა როგორც პატრულის სამხრე კამერები, ასევე ტელევიზიის კამერები, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მოხდა ჩემი დაკავება. მათ ვერ ექნებათ ვერანაირი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, რადგან კანონდარღვევას იქ ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - დასძენს ნადირაძე.

როგორც ის აღნიშნავს, მეთოდები, რითიც მისი დაკავება მოხდა, არაცივილურია.

"ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები. მსგავსი ფორმები ცივილიზებულ მსოფლიოში არ მინახავს. ამის არანაირი საჭიროება არ იყო, ხედავდნენ რომ აგრესიული არ ვიყავი, აქეთ ვთხოვდი განემარტათ რისთვის მაკავებდნენ და მზად ვიყავი მანქანაში ჩავჯდომოდი და გავყოლოდი. თუმცა, გადაწყვიტეს ასე დემონსტრაციულად, საჩვენებლად დავეკავებინე, რათა თავიანთი ჭკუით დაგვაშინონ, რომ შვილმოკლულ მამებს სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ. ასე ჭკუას ვერ გვასწავლიან, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა და ბოლომდე დავუდგებით ამ ადამიანებს გვერდით", -აღნიშნავს ნადირაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე