ზვიად დევდარიანმა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 11.06.2018
ნანახია: 756

სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

მათ დევდარიანი ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს.

დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მხოლოდ სარჩელის რვა მოპასუხეს ასახელებს, ხოლო იმ ოთხი პირის ვინაობის გამხელისგან, რომლებმაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით, თავს იკავებს.

მოპასუხეები არიან:

„ტაბულას“ დირექტორი – თამარ ჩერგოლეიშვილი, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი – ბაია პატარაია, ჟურნალისტი – ნინო დანელია, ექიმი – თამარ ყურაშვილი, “ევროპული საქართველოს” წევრი – თამარ კაკაბაძე, ქალთა მოძრაობის წევრი – იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“.

მისივე ინფორმაციით, ნინია კაკაბაძე დაკითხული იქნება როგორც მოწმე და არა როგორც მოპასუხე.

ზვიად დევდარიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები.

„მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა რომელიც დადგა, რომ „ფეისბუქ“ ჯგუფები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან ვალდებული, რომ ამ ტიპის დადგენილება და გადაწყვეტილება მოიღონ. ძალიან სამწუხაროა ის, რომ მთლიანად ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს. მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჩემს რეპუტაციას, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ დღეს შეგვაქვს სარჩელი, მოქმედებდნენ როგორც წითელი ინტელიგენციის საუკეთესო მაგალითებით, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი, ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე