ვიდგებით ქუჩაში, სანამ სიმართლეს არ დავადგენთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:30 | 11.06.2018
ნანახია: 624

სიმართლის დასადგენად ერთი გზა დაგვრჩა, გამოვიდეთ, ვიდგეთ ქუჩაში, სანამ სიმართლეს არ დავადგენთ, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილისგან დაპირება მიიღო, თუმცა, მას შემდეგ მას არავინ დაკავშირებია.

„შექმნილი ხომ იყო საგამოძიებო ჯგუფი, საერთოდ, სიტყვას არ ახსენებენ თემირლანმაჩალიკაშვილზე. დაპირება იყო, მაგრამ რეაგირება არაა. დამპირდა გიორგი კვირიკაშვილი, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ საქმის გამოძიებისთვის და მას შემდეგ არავინ დაგვკავშირებია. უნდა განხილულიყო მაჩალიკაშვილის საქმეც. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული, ისეთი დანაშაული, რომლის გამოსწორება არ შეიძლება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოცხადება, მის სიკვდილზე მეტი იყო.

„ამ უსასტიკესი დანაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე