თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით - ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:34 | 09.06.2018
ნანახია: 1449

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის გადმოყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ ის არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით. 

მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალიდან კლინიკებში ყოველდღიურად ბევრი პაციენტი გადმოჰყავთ, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც.

„ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც და ხდება ამ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა, მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და ცხადია, არა ნათესაური კავშირების ან მსგავსი ნიშნით. მაგრამ ზოგადად გეტყვით იმასაც, რომ თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით", - განაცხადა მინსიტრმა. 

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული პირების მხრიდან, ხდება არაერთი დაუზუსტებელი, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული დაძაბულობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვან და  მგრძნობიარე თემასთან დაკავშირებით.

"ასეთ საკითხებთან მიმართებით საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული ქმედებები, სპეკულაციები ან განცხადებები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ზოგადად, ​უფასო სამედიცინო მომსახურების რეფერალურ პროგრამაში მონაწილეთა ვინაობა ახლაც, ადრეც და მომავალშიც არ არის გასაჯაროებული, რაც ამ მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.

„არ ვიცი, რა წყაროებზე დაფუძნებით ვრცელდება ინფორმაცია კონკრეტულ პირთან მიმართებით. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საუბარია ორივე ოკუპირებული რეგიონის ათობით, ასობით და ათასობით მოსახლეზე. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ პირის მიმართ არსებობს რაიმე ტიპის ეჭვი, არის დამნაშავე ან დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და გარკვეული მასალები, იქ აუცილებლად ხდება სამართლებრივი რეაგირება. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე. ზოგადად ყოფილა ასეთი შემთხვევები. ეს არის სამართალდამცველების კომპეტენცია და ეს არ არის საავადმყოფოსა თუ ექიმის განსახორციელებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს, თუმცა მის ვინაობასა არ აკონკრეტებენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ჯიოევი, რომელიც ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსია, 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე