ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ "წითელმა ჯვარმა" ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტი გადმოიყვანა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 09.06.2018
ნანახია: 1476

 

ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს კლინიკის დირექტორის მოადგილემ განუცხადა. ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მიერ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოიყვანეს. მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის არეში დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალაფუძის მოტეხილობა. ის სასწრაფო წესით გადაიყვანეს საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული, ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსი, ასლან ჯიოევია, რომელიც 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმაა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას გეგმავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე