სუს-ის მიერ დაკავებულ პირებს ტერორიზმთან კავშირის ბრალდება არ წარუდგინეს

საქართველო, თბილისი - 18:01 | 01.12.2015
ნანახია: 1608

სუს-ის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ პირებს, ტერორიზმთან კავშირის ბრალდება წარდგენილი არ აქვთ. საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა სხდომის შემდეგ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდებასტან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

მისი განმარტებით, ბრალდების მხარეს რისი მტკიცებულებებიც ჰქონდა, დაკავებულებს ბრალი იმის მიხედვით წარედგინათ და ბრალდება განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილებების შეძენა-შენახვასა და დამზადებას. პროკურორმა განაცხადა, რომ რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ისაუბრებს, იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. 
"ორ ბრალდებულს ბრალი წარედგინა 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, ხოლო დანარჩენ ორს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით", - აღნიშნა გიორგი დავითაშვილმა. 
ჟურნალისტების შეკითხვაზე, დგინდება თუ არა ბრალდებულების კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და მეტს ვერაფერს იტყვის. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ნფორმაცია დღეს გავრცელდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 410-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

,,მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ იდეოლოგიას.

გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თერთმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.

ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების და  ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით” - აღინიშნა სუს-ის მიერ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე