კერძო სკოლებში 5 წლის ბავშვები მაინც შევიდნენ და ვისაც ფული არ აქვს, გარეთ დარჩნენ - კობა სუბელიანი

საქართველო, თბილისი - 13:34 | 01.12.2015
ნანახია: 1705

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი პარლამენტის განათლების კომიტეტს მოუწოდებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, რომელიც სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა განაცხადა, სკოლაში შესვლის უფლება ყველა იმ ბავშვს უნდა მიეცეს, რომელიც ექვსი წლის დეკემბრის ბოლომდე ხდება.

მისი თქმით, ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შესვლის მიზანშეწონილობა მშობელმა და მასწავლებელმა უნდა განსაზღვრონ.

„რამდენიმე კვირის გამო, ბავშვებს სკოლის გარეთ ნუ დავტოვებთ. სამწუხაროდ, მინისტრი ყველაფერს უკუღმა იგებს და ეს საკითხიც უკუღმა გაიგო. რა პროგრამაა ისეთი, რომ 5 წლის ბავშვმა ვერ დაძლიოს? წინა სასკოლო პროგრამა არსად არ მომზადებულა. ამ ბავშვებისთვის ადგილი არც ბაღებში არ არის და არც სკოლაში. კერძო სკოლებში 5 წლის ბავშვები მაინც შევიდნენ და ვისაც ფული არ აქვს, ისინი გარეთ დარჩნენ. თუკი კანონი სკოლაში ხუთი წლის ბავშვის შესვლას კრძალავს, მაშინ ბავშვი არცერთ სკოლას არ უნდა მიეღო“, - განაცხადა სუბელიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი კობა სუბელიანი სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე შემცირებას ისევ ითხოვს. სუბელიანის მიერ მომზადებული ცვლილებებით, საჭიროების შემთხვევაში, მშობელი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლებით ბავშვის 5 წლის ასაკიდან. დღეს მოქმედი კანონით, განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. ასევე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 6 წელი მომდევნო სასწავლო წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ.

შეგახსენებთ, რომ კობა სუბელიანმა აღნიშნულ კანონში ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზეც მოამზადა, თუმცა, უმრავლესობამ ხანგძლივი მჯელობის შემდეგ, კანონპროექტი ჩააგდო. უმრავლესობის ნაწილი ცვლილებების არსს იზიარებდა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ 5 წლის ბავშვი სკოლისთვის მოუმზადებელი იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე