სტრასბურგის გადაწყვეტილება 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს - კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:53 | 25.05.2018
ნანახია: 990

რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 23 მაისს სტრასბურგში, სამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად იყო მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე.

მისივე თქმით, ის საქმის კურსში იყო აბსოლუტურად ყველა ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

„დეტალებში ვიყავი ჩახედული და ეს იყო ტიტანური შრომა – მტკიცებულებების შეგროვება, მოპოვება, მათი სამართლებრივი ტრანსფორმაცია და წარდგენა სტრასბურგში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციების წარმოსაჩენად.

ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულება იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება – ვიდეო და ფოტო მასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და ა.შ.

საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, თავად მისთვისაც არის პრეცედენტული.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე