შვილის მკვლელობის ადგილზე ზაზა სარალიძე პირველად მივიდა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 25.05.2018
ნანახია: 1046

პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს, ძალიან ემოციური ფონია, მაგრამ ამ წუთში იმის დრო არ მაქვს ემოციებს ავყვე, - განაცხადა ჟურნალისტებთან მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

5 თვის შემდეგ, ის დღეს ხორავას #4-ში პირველად მივიდა. მან ჟურნალისტებთან ერთად ყოფილი ფარდული დაათვალიერა, სადაც დავით სარალიძე სასტიკად მოკლეს.

ზაზა სარალიძე საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და აქციებს აანონსებს.

"მთელ საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მოვუწოდებ იმ ჭეშმარიტების დადგენაში დამეხმაროს,რასაც დღეს პროკურატურა მალავს. 

27 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციას ვატარებთ მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს. გთხოვთ,დამიდგეთ გვერდით,რათა სამართლიანობა აღდგეს", - აცხადებს სარალიძე.

ის დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს 19:00 საათზე ხვდება. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ძალოვანი უწყება მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებსაც დააკავებს, აქცია აღარ ჩატარდება.

"მთავარ პროკურორთან შეხვედრისას რა პასუხებს მივიღებ,იქიდან გამომდინარე გადავწყვეტ აქცია გაგრძელდეს თუ არა. თუ ჩვენი საუბრის დროს, ის პირები დაკავებული იქნებიან, კიდევ ვინც დანაშაული ჩაიდინა არამხოლოდ დაჭრის ფაქტზე, არამედ ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში, ასევე ვინც დანაშაული დაფარა და მტკიცებულების განადგურებას შეეცადა, ყველა პირი თუ დაკავებული იქნება, უმ შემთხვევაში საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი და აქცია აღარ ჩატარდება, რადგან სამართლიანობა აღდგენილი იქნება", - დასძენს დაზარალებული.

მას მთავარ პროკურორთან ღია რეჟიმში სურს შეხვედრა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალოვან უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.

"ეს შეხვედრა დახურულ რეჟიმში იქნება, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს ჩვენს შორის რა საუბარი შედგება ჩვენს შორის. თუ თვითონაც დასამალი არაფერი აქვთ, იმედია, გადადგამენ იმ ნაბიჯს რომ ღია სივრცეში შედგეს ჩვენი შეხვედრა", - აცხადებს სარალიძე.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე