აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში და ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი - ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 13:01 | 24.05.2018
ნანახია: 766

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგანაც შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ მოვისმინეთ ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან. 

მინისტრის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სიღრმისეულად განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. რეგიონში არსებული სიტუაცია, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. 

მინისტრის განცხადებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე