ის, რომ მირზა სუბელიანს თითქოს პროკურატურა მფარველობს, აბსოლუტური სიცრუეა - ზვიად ფხაკაძე

საქართველო, თბილისი - 12:05 | 24.05.2018
ნანახია: 1223

თითქოსდა, მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა, აბსოლუტური სიცრუეა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მირზა სუბელიანის, ასევე სხვა პირის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები შესაბამისი სტანდარტით არ მოიპოვება, რათა კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოხდეს - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის გამოკვლევა მოხდება.

"დღეს უნდა მოხდეს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის, ასევე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.მხარემ უნდა მოახდინოს ექსპერტიზის შემდგენი პირების, კერძოდ, იმ ექსპერტების დაკითხვა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს. თუმცა,იმის დაკონკრეტება, მოხდება თუ არა დღეს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა და ექსპერტების დაკითხვა, ჩემთვის უცნობია", - აცხადებს ფხაკაძე.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა განსხვავებულ შედეგებს დადებს.

"ბრალდების მხარე აფიქსირებს ცალსახად პოზიციას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, მათზე არსებული გენეტიკური პროფილი და სხვა მასალები, ერთობლიობაში ადასტურებენ ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. თუ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება განსხვავებული მტკიცებულებები, სადაც სხვა გარემოებები იქნება დაფიქსირებული,რასაც ნაკლებად ველი, აღნიშნულს სათანადო შეფასება მიეცემა", - აცხადებს ფხაკაძე.

როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ გამოძიების ეტაპზე, მასზე ზეწოლა განხორციელდა. 

"ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს, მასზე პოლიციის დაწესებულებაში განხორციელდა გარკვეული ზემოქმედება, რათა სასურველი ჩვენება მიეცა გამომძიებლისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩემს მიერ კომპეტენტური პირის მიმართ მოხსენებითი ბარათით მიმართვა მოხდა. გამოკვლეული იქნება როგორც კალანდიაზე თითქოსდა, განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, ასევე ბრალდებულზე, რომელიც წინა სხდომაზე მოწმის სახით იქნა დაკითხული", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე