მზად ვარ ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში - ცეზარ ჩოჩელი ძიუდოისტებზე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 23.05.2018
ნანახია: 1712

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი ფედერაციაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ჩოჩელის განმარტებით ის მოვლენები, რომელიც რომელიც ფედერაციის გარშემო ვითარდება აზიანებს როგორც სპორტის ამ სახეობის, არამედ ის დამაზიანებელია სახელმწიფოსთვისაც.

„სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ”, -აღნიშნა საგანგებო პრესკონფერენციაზე ცეზარ ჩოჩელმა.

მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ.

„მე ვთავაზობ, დავსხდეთ ყველა მხარე და მოვაგვაროთ პრობლემა. როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. „ზედაზენი“ აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ თანხების კონტროლს. მე მზად ვარ ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით. მე 3–4–ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები.

გული მტკივა იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ისეთ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, სადაც გამოსავლის ძებნა რთული ხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ დავსხდეთ დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ ფინანსურ დარღვევას ადგილი არ ექნება. რადგან ჩვენს მიერ ხდება იმ თანხების კონტროლი, რასაც ძიუდოს ვახმართ. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ფულს ვიხდიდეთ ძიუდოს განვითარებისთვის და იქ ერთი, ორი ან თუნდაც ათი ადამიანი ცდილობდეს მის განკარგვას, არამიზნობრივად ხარჯვას და ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავდეთ? – ეს არამც და არამც არ მოხდება. თითოეულ თეთრს ჩვენ ყოველთვიურად ვამოწმებთ, როგორ მიდის ამა თუ იმ პროგრამის განხორციელება რეალურად. აქედან გამომდინარე, არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები ვთვლი, რომ არასწორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც ამოწმებს ამ ყველაფერს. შედეგები ჯერჯერობით არ დადებულა და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში, წესით უნდა დაიდოს“, – განაცხადა ჩოჩელმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე