აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი დანაშაულები რუსეთის პასუხისმგებლობაა - თამარ ხულორდავა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 23.05.2018
ნანახია: 845

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა,“ - ეს განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, სტრასბურგში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება. თამარ ხულორდავას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ხულორდავა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იხილება დღეს სტრასბურგში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა.

„იმედი მაქვს, სასამართლო გაიზიარებს საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და პოზიციას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უძლიერესი დამატებითი არგუმენტი იქნება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსეთს თავისი სახელი დაერქვას, მის აგრესორულ და ექსპანსიურ პოლიტიკას - თავისი. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის და დეოკუპაციის მოთხოვნისადმი. წარმატებები საქართველოს. წარმატებები იუსტიციის სამინისტროს,“ - აცხადებს ხულორდავა.

საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე