დღეს მსახიობ ლევან აბაშიძეს 55 წელი შეუსრულდებოდა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 22.05.2018
ნანახია: 1683

მსახიობ ლევან აბაშიძეს დღეს  55 წელი შეუსრულდებოდა. ის 29 წლის ასაკში, 1992 წელს აფხაზეთის ომში ზემო ეშერასთან დაიღუპა. მსახიობმა ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ კინოში 20-მდე როლის შესრულება მოასწრო.

როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი საშინლად ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. თუმცა, 5 სექტემბერს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრა, 6 სექტემებერს დილით სოხუმში ჩავიდნენ, 7 სექტემბერს კი ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის  ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განასახიერა .ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984  წელს გიორგი შენგელაიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ.), ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986 წ.), გ. მგელაძის „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987 წ.) და სხვა.

ლევან აბაშიძეს დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი “არა, მეგობარო”, რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ სუბიექტური კამერის საშუალებით დაამთავრა. ამ ფილმში ლევანს 1993 წელს კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პირველი პრემია მიენიჭა, ხოლო ობერ ჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

1987 წელს ახალგაზრდა მსახიობი ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კი, ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.

ლევანი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

მსახიობი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე