გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 22.05.2018
ნანახია: 778

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საქართველოს მეგობრებს აშშ-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის. "დღეს, "ვოლტერ რიდის" ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოვინახულე - მეომარი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.

დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი მისია. მან მითხრა: „ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა". მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა, შემეხსენებინა, რომ ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ, იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას იცავენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს. ჩვენი მებრძოლები ამაყობენ, რომ მსახურობენ აშშ-ის მებრძოლებთან ერთად. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამებრძოლებად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში შეტანილი წვლილით ამაყობს საქართველო, რომელმაც ამ კონფლიქტებში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა. "ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო არსი. დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში, რომელიც ჩვენ 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველომ მოიმკა კონგრესის - თქვენი და თქვენი წინამორბედების ძალისხმევის შედეგები, რომლებმაც კონგრესში ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეთა დიდებული ერთობა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სახით. თქვენ და თქვენი კოლეგები ჩვენთვის ჩაერიეთ ბევრ კონფლიქტში და წარმომიდგენია, რამდენი პოტენციურად მომაკვდინებელი აფეთქება ჩანასახშივე ჩააქრეთ. ქართველი ხალხის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ამ სახის ჩართულობისთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე. მისი თქმით, რეფორმირების და განვითარების პროცესში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიეს ისეთმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია. "საქართველოს მოსახლეობა გრძნობს, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები ცხადად ამბობენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ყველა საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში დაწინაურდა - „ჰერითიჯის ფონდის" ეკონომიკური თავისუფლების 2018 წლის ინდექსში საქართველო მე-16 ადგილზეა, მაშინ როდესაც 34-ე ადგილი ეკავა 2012 წელს; იმავე ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობამ ქვეყანა 22 პოზიციით დააწინაურა 2012 წელთან შედარებით. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომელმაც 2018 წელს საქართველოს 61-ე ადგილი მიაკუთვნა გლობალურ ჭრილში და 43 პოზიციით მნიშვნელოვნად დააწინაურა 2012 წელთან შედარებით. სხვათა შორის, ამ რეიტინგში საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაც დგას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში ცხადყოფს, რომ საკუთრების უფლების დაცვის გამო ქვეყანა პირველთა რიგებშია, რაც 2012 წელთან შედარებით 74 პოზიციით გაუმჯობესებულმა ადგილმა დაადასტურა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც რეგიონში საუკეთესოა. "2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 5%. ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე ახლახან ჩინეთთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით, საქართველო აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე. გარდა ამისა, წელს დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ინდოეთთან. საქართველო მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გონივრული წინგადადგმული ნაბიჯია. შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო შეძლებს ყველაზე მსხვილი - პანამაქსის კლასის გემების მიღებას. პორტი, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს ამერიკული, სიეტლში დაფუძნებული კომპანია SSA Marine, მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის დროის თვალსაზრისით მგრძნობიარე ძვირადღირებული ტვირთების გადაზიდვის დროს, რასაც დღეს ზღვით კვირები და ზოგჯერ თვეები სჭირდება. შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობებში, რომელსაც ზურგს უმაგრებს მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვეძებთ თქვენს დახმარებას ამ მიზნის მისაღწევად. წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას ამერიკული ბიზნესებისთვის - ამერიკული კომპანიებისთვის, კაპიტალისა და პროდუქციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კარიბჭე 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე. ძვირფასო კონგრესის წევრებო, ძვირფასო მეგობრებო, ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას.

ამერიკა უნდა იყოს ამ შესაძლებლობების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი. საქართველოს უნიკალური მდებარეობის მნიშვნელობას და, შესაბამისად, აშშ-თან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლა არის დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს. პარტნიორობა და სტრატეგია თან სდევს მშვიდობას და სტაბილურობას. საუკუნის წინ საქართველომ აირჩია დასავლეთისკენ მიმავალი გზა ნებისმიერ ფასად. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს! ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღებაზე შეკრებილ კონგრესმენებსა და სტუმრებს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ და აღნიშნა, რომ სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი. "განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის - რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი", - განაცხდა ჯრალდ კონოლიმ.

კონგრესმენმა ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. "ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის - რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც", - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში გამართულ საზეიმო მიღებას კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები - დევიდ პრაისი, დანკან ჰანტერი და მარკ სანფორდი დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე