გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 21.05.2018
ნანახია: 744

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 

მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. 

ასევე, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში ,,შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. 

23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე