ერთი და იგივე ადამიანები კლუბებში ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, თუმცა კლუბის მფლობელებს არასდროს მოუმართავთ დახმარებისთვის - გახარია

საქართველო, თბილისი - 16:10 | 18.05.2018
ნანახია: 1025

ერთი და იგივე ადამიანები კლუბებში ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, თუმცა კლუბის მფლობელებს არასდროს მოუმართავთ დახმარებისთვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან და გამოდიან კლუბში.

„მე მჯერა რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება. როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან , გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში. როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის სისტემური პრობლემა", - განაცხადა გახარია.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა. 

"ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი- აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე, რა თქმა უნდა ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერაცია ჩავატარეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე