ლგბტ აქტივისტების დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:51 | 17.05.2018
ნანახია: 737

დღეს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი ლგბტ აქტივისტების აქცია აღარ გაიმართება. ინფორმაცია აქციის ორგანიზატორის „თანასწორობის მოძრაობის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

"ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, ლგბტ თემის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად, რასაც შეიძლება დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს საზოგადოებისთვის.

„ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე