საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით 6 ჩეჩენი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 15.05.2018
ნანახია: 804

ფრანგულმა კონტრდაზვერვამ  ტერორიზმის ბრალდებით დააკავა ჩეჩნური დიასპორის 6 წარმომადგენელი. დაკავებები ქვემო რეინის, ჟირონდისა და ზემო გარონის დეპარტამენტებში მოხდა. ამის შესახებ France Info პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, დაკავებები უკავშირდება ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც 2017 წლის აგვისტოში ესპანეთის ქალაქებში ბარსელონასა და კამბრილსეში მოხდა. ამასთან აღნიშნულია, რომ ოპერაციას კავშირი არ აქვს 12 მაისს პარიზში მომხდარ თავდასხმასთან.

12 მაისს საფრანგეთის დედაქალაქში გამვლელებს დანით ჩეჩენი ეროვნების ჰამზათ აზიმოვი დაესხა. მან ჩეჩნეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. აზიმოვი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო როგორც პოტენციური საფრთხე ეროვნული უსაფრხოებისთვის. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. თავდამსხმელი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ინციდენტთან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პასუხისმგებლობა საფრანგეთს დააკისრა. მისი თქმით, აზიმოვი მართალია ჩეჩნეთში დაიბადა, მაგრამ მისი აზროვნება და მსოფლმხედველობა სხვა საზოგადოებაში ჩამოყალიბდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კადიროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ არ გვსურს მივიღოთ გაკვეთილები დიქტატორისგან, რომელიც არ სცემს პატივს პირველ ნაბიჯებს, რომლებსაც სამართლებრივი სახელმწიფო მის საკუთარ ქვეყანაში დგამს. ამის გარდა, მან შესანიშნავად იცის ათასობით ჩეჩენის შესახებ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვიან. ეს პოზიცია დაუშვებელია“, - განაცხადა მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე