უნგრეთი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 30.11.2015
ნანახია: 1569

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შანდორ საბოსა და საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს გეზა როლის შეხვდა.

ნოდარ ჯავახიშვილმა  სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები  ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ ქართულ ბაზარზე და მზად არიან ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები განსაკუთრებით  წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერები დაინტერესდნენ.

“ჩვენ, გვსურს გავაღრმავოთ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, ეკონომიკის და უპირველეს ყოვლისა ინვესტირების დარგში. სამწუხაროდ, საქართველოში აქამდე უნგრული ინვესტიციები ძალიან მცირე რაოდენობითაა. ჩვენ გვინდა ეს სიტუაცია გამოვასწოროთ. უნგრეთს კარგი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგების სფეროში. გვაქავს განვითარებული ტექნოლოგიები ციტრუსის წარმოებისა და მოვლა-შენახვის დარგში და მზად ვართ ეს გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ მხარეს”, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა საქართველოში შანდორ საბომ 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე