დიმიტრი ქუმსიშვილმა ელი კოენთან ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 10.05.2018
ნანახია: 1155

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები არსებობს, რაც დადებითად არის ასახული საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის დინამიკაზე. ამავე დროს, ისიც ითქვა, რომ ისრაელი კარგად იცნობს საქართველოს, როგორც სასიამოვნო დასვენებისა და მოგზაურობის ქვეყნად, მაგრამ აუცილებელია, მან ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი ეკონომიკის სხვა სექტორებში ინვესტირების კუთხითაც გამოხატოს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ამ ინიციატივას მხარს უჭერს ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი.

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს დიდ ძალისხმევას მიმართავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებაზე. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ელი კოენის პირველი შეხვედრისას, რომელიც 2018 წლის 26 მარტს ისრაელში ჩატარდა, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის სამიზნე მაჩვენებელზე - 1 მლრდ აშშ დოლარზე ხუთი წლის განმავლობაში. აღნიშნულ საკითხზე მხარეებმა დღესაც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე პოზიტიური გავლენა ექნებოდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას, რომლის მიზანშეწონილობის კვლევასაც დღეს, ელი კოენის ვიზიტის ფარგლებში, მოეწერა ხელი.

თანამშრომლობის მიმართულებებზე საუბრისას, მხარეებმა აგრეთვე გაამახვილეს ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე. აღინიშნა, რომ გაღრმავდება თანამშრომლობა ამ კუთხით, მათ შორის, ისრაელიდან წარმატებული ფერმერული მეურნეობების საქართველოში ჩამოყვანისა და ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორშიც. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის, ისრაელის ბიზნესშიც, დიდად არის განვითარებული ბიზნეს პროცესების OUTSOURCING, რისი ამოქმედების შესაძლებლობაც საქართველოშიცაა შესაძლებელი.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განვითარებაზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე