ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას - ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 10.05.2018
ნანახია: 1346

ჩვენ გავუწოდებთ დავით ქევხიშვილს მეგობრულ ხელს, თუ ის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და დატოვებს თანამდებობას, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ყრილობის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობაზე მათ დასვეს ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე კითხვები, რაც ნაკრების წევრებს აწუხებთ, თუმცა დელეგატების და ფედერაციის პრეზიდენტისგან ვერ მიიღეს პასუხები. 

“ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, სასტუმრო “ბილტმორში” ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე