დავით ბერძენიშვილი: დაუშვებელია საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან რუსეთის მხრიდან ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის პროპაგანდა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 30.11.2015
ნანახია: 1745

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომაზე საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა რუსეთის წარმომადგენლის მიერ ყირიმის შესახებ განცხადება გააპროტესტა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სპეციფიკიდან გამომდინარე, პლენარულ სხდომებზე იშვიათად განიხილება პოლიტიკური საკითხები, თუმცა მას არ შეუძლია უპასუხოდ დატოვოს რუსეთის დელეგაციის წევრის განცხადება ყირიმში ჩატარებული ე.წ.რეფერენდუმის შესახებ: 
„დაუშვებელია ამ საერთაშორისო ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის დელეგაციის მიერ ყირიმის ე.წ.რეფერენდუმის პროპაგანდა და ლეგალიზების მცდელობა."

„კოლეგებო, შეგახსენებთ, რომ PABSEC-ის არც ერთი წევრი ქვეყანა არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების და ე.წ.რეფერენდუმის ლეგიტიმურობას. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ უკრაინისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარლამენტის საერთო პოზიციაა," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

როტაციის წესის მიხედვით, გენერალური ასამბლეის სხდომაზე  PABSEC-ის თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა. რუსეთის დუმის თავმჯდომარის, სერგეი ნარიშკინის გამოსვლის დროს, უკრაინის დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტა და აქცია „საქართველო - 2008, უკრაინა- 2014, ვინ იქნება შემდეგი?" გამართა. სერგეი ნარიშკინმა საპროტესტო აქციის ფონზე მოხსენება წაიკითხა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომის მუშაობაში12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე