ლონდონში ქართული ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 02.05.2018
ნანახია: 1229

ლონდონის ქართული ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალი - „კინოში ასახული ცხოვრება“ (Life Through Cinema) გაიხსნა, რომელიც ლონდონში არსებულ პრესტიჟულ კინოთეატრ - Regent Street Cinema-ში  იმართება.

კინოფესტივალის ფარგლებში, ბრიტანელ მაყურებელს მიეცემა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინო კლასიკისა და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება, რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.

ფილმების ჩვენების გარდა, დაგეგმილია თემატური დისკუსიები კინოფესტივალის ფარგლებში ლონდონში მყოფი ცნობილი ქართველი კინორეჟისორებისა და მსახიობების მონაწილეობით. გარდა ამისა, ცალკეული ღონისძიებები მიეძღვნება ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს, ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ფესტივალის გახსნის ფარგლებში, ასევე გაიმართა გამოფენა - „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“.

ფესტივალი გაგრძელდება 8 მაისამდე და ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე