საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

საქართველო, თბილისი - 14:52 | 01.05.2018
ნანახია: 1276

3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi, ფესტივალის დაწყებამდე კი 2 მაისს, 12:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს ქუჩა #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი - არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი - ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი - ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: ჩაუღრმავდი რეალობას“.  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც.

წლევანდელ სექციაში - სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია. 

საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა...

რაც შეეხება ქართულ პანორამას, იგი ძირითადად ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა,  წელს პირველად CinéDOC-Tbilisi  თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო“. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. 

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ გვერდზე: www.cinedoc-tbilisi.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე