თბილისში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:20 | 01.05.2018
ნანახია: 1325

დღეიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “OPERA CROWN” I ტური იწყება. 14:00 საათიდან კონკურსანტები უკვე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარსდგებიან. პირველი ტური 2 მაისსაც გაგრძელდება. II ტური კი 3 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) 50 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 300-მდე განაცხადი შემოვიდა.

კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. 2018 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

კონკურსის საპრიზო ფონდია:

  • I პრემია - 15 000 აშშ დოლარი
  • II პრემია - 10 000 აშშ დოლარი
  • III პრემია - 7 000 აშშ დოლარი
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი - სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი 2 000 აშშ დოლარი
  • ზურაბ ანჯაფარიძის საახელობის პრიზი საუკეთესო ტენორს - 1 000 აშშ დოლარი

დასკვნითი III ტური - ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართება 5 მაისს 18:00 საათზე.

I და II ტურებზე დასწრება თავისუფალია. კონკურსის ფინალურ III ტურზე დასწრების მსურველებს კი ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.tkt.ge-ზე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი „Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო “ამბასადორი”, „ჯორჯიან ეარვეისი“.  კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია „იმედი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე