ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ღრმა კრიზისია "ქართულ ოცნებაში" და მთელ ქვეყანაში - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 14:20 | 26.04.2018
ნანახია: 805

პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით - ასეთი კომენტარი გააკეთას ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში.

„კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე - ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს  შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ დრომდე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე