12 წლის სალომე ტატიშვილის დაღუპვაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 25.04.2018
ნანახია: 1530

გუდაურში, სრიალისას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.

ლიპარტელიანს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა წინდახედულობის ნორმები დაარღვია, მაღალი სიჩქარით დაეშვა და სხვა მოსრიალეების უსაფრთხოება არ გაითვალისწინა. 

ბრალდების მხარე ლიპარტელიანის 116-ე მუხლით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომის გამოყენებას ითხოვდა. ამის მიზეზად პროკურორმა ის დაასახელა, რომ ბრალდებული ჩადენილს არ ნანობს და ახლა საზღვარგარეთ იმყოფება, სასწავლებლად. 

დაცვის მხარის ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ პროკურატურამ წარადგინა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები.  

ცნობისთვის, 12 წლის სალომე ტატიშვილს 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა, თავად ლიპარტელიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ტატიშვილის გაურთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული, ლიპარტელიანი 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.

სწორედ, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მეორე ინსტანციის სასამართლოში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე