ამერიკელი სენატორები ევანგელისტი პასტორის დაკავების გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:44 | 20.04.2018
ნანახია: 918

ამერიკელი სენატორები  ჯეიმს ლენკფორდი და ჯინ შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ თუ ანკარა ამერიკელ ევანგელისტი პასტორს ენდრიუ ბრანსონს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ Hill-ი წერს.

 „თურქმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც უდანაშაულო ამერიკელი მოქალაქეების დაკავებაში მონაწილეობენ, უნდა იგრძნონ საერთაშორისო ზეწოლა, პასტორ ბრანსონის მიმართ ქმედება კი მძევლად აყვანად მიიჩნევა“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

გიუელნმა, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს,  ამბოხში მონაწილეობა უარყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლება აშშ-ს  მის ექსტრადიციას სთხოვს.

თურქეთში ამბოხის შემდეგ 50 ათასამდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ბრანსონი, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.

2017 წლის მაისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ბრანსონის გათავისუფლება მოითხოვა, ერდოღანმა კი ბრანსონის სანაცვლოდ გიულენის გადაცემა შესთავაზა.

თურქეთის პროკურატურამ ბრანსონისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა იმის გამო, რომ მისი ვერსიით, პასტორს კავშირი ჰქონდა გიულენის ორგანიზაციასთნ და პროკურატურის განცხადებით, უცხოეთიდან ფულს ხელისუფლების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის იღებდა.

ბრანსონი, რომელიც თურქეთში 25 წელია ცხოვრობს, ბრალდებას უარყოფს. მან სასამართლოში განაცხადა, რომ თურქეთი უყვარს და მისთვის ლოცულობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე