ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:47 | 20.04.2018
ნანახია: 2205

5 მაისს, ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “OPERA CROWN” ფინალი ჩატარდება.

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის ოპერის სცენაზე,  50 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრება (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია). მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 300-ზე მეტი ახალგაზრდა მომღერალი  მონაწილეობდა.

კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. 2018 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

კონკურსი სამი ტურისგან შედგება. სამივე ტური თბილისის ოპერის თეატრის მაყურებელთა დარბაზში ჩატარდება, ხოლო 30 აპრილს, 13:00 საათზე, კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება თეატრის წითელ დარბაზში.  I ტური გაიმართება 1 და 2 მაისს, 14:00 საათზე; II ტური -  3 მაისს, 14:00 საათზე. I და II ტურებში კონკურსანტები კონცერტმაისტერების თანხლებით შეასრულებენ სავალდებულო პროგრამას. დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა  5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარსდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

I და II ტურებზე დასწრება თავისუფალია. კონკურსის ფინალურ III ტურზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.tkt.ge-ზე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში.

კონკურსის საპრიზო ფონდი:

  • I პრემია - 15 000 აშშ დოლარი
  • II პრემია - 10 000 აშშ დოლარი
  • III პრემია - 7 000 აშშ დოლარი
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი - სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი 2000 აშშ დოლარი

ფინალური III ტურის, ლაურეატების დაჯილდოვებისა და კონკურსის საზეიმო დახურვის პირდაპირი ტრანსლირება ვებ-გვერდზე https://operavision.eu განხორციელდება, რომლის განმავლობაშიც, ამავე პლატფორმაზე  საქართველოს შესახებ საიმიჯო რგოლები გავა.

კონკურსი  „Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე