მნიშვნელოვანია ამერიკის როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 14:01 | 18.04.2018
ნანახია: 888

მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, გასული წლის განმავლობაში გაფორმდა ოთხი საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, სუს-ის საქმიანობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას უდიდესი როლი ენიჭება.

"ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კოორდინაციის პარალელურად, სუს-ი აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაში", - აღნიშნა გომელაურმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ სისტემატურად მიმდინარეობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა და მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებზე სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე