რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს - გომელაური

საქართველო, თბილისი - 13:48 | 18.04.2018
ნანახია: 719

წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი მაგალითებია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა. ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა”, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში.

როგორც მან აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 100-ზე მეტი უკანონო სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რაც მისივე თქმით, აზიანებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს

"გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები. იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისა და ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან”, – დასძინა გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე