ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მშობლები და მასწავლებლები 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 13:00 | 18.04.2018
ნანახია: 1227

 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მშობლები და მასწავლებლები  109-ე ბაგა-ბაღის დახურვას აპროტსტებენ.  ბაღის აღსაზრდელების მშობლებსა და პედაგოგებს ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი,  თუმცა ამ დროისთვის ქუჩა უკვე გახსნილია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

გავრცელებული ცნობით, სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით,  სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 109-ე ბაგა-ბაღის შენობა უნდა გასხვისდეს.

მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაღის შენობა ავარიული და საშიშია, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ბაღში სწავლა გაგრძელდეს.

109-ე ბაღთან ასევე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახა გვანცელაძე. ელოშვილის თქმით, 109-ე ბაღის ადგილას კომერციული შენობა არ აშენდება.

გვანცელაძის შეფასებით, გუშინ ექსპერტმა დასკვნაზე მუშაობა როგორც კი დაასრულა, შენობის ავარიულობის შესახებ მშობლებს და პედაგოგებს მაშინვე აცნობეს.

109-ე საბავშვო ბაღთან კი მშობლებისა და პედაგოგების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე