ერევანში არეულობა გრძელდება - პოლიცია მომიტინგეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 17.04.2018
ნანახია: 863

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მოსალოდნელ გაპრემიერებას აპროტესტებენ. აქციების ორგანიზატორის, დეპუტატ ნიკოლ პაშინიანის თქმით, მომიტინგეები დღეს პარლამენტის ყველა შესასვლელს დაბლოკავებნ, სადაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას კენჭი დღეს უნდა ეყაროს.

მისი თქმით, დღეს ასევე გადაიკეტება ცენტრალური ქუჩები ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. მან მომხრეებს მოუწოდა დაიკავონ სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები და მოახდინონ მეტროსადგურების ბლოკირება.

გუშინ მმართველმა - რესპუბლიკურმა პარტიამ სარგსიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

ორშაბათს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციელებთან შეტაკება მოყვა. დაშავდა ათობით ადამიანი. ერევნის ცენტრში პარალიზებული იყო სატრანსპორტო მოძრაობაც.

დღეს ერევნის პოლიციამ ნიკოლ პაშინიანს აქციების შეწყვეტა ოფიციალურად მოსთხოვა. მას გადაწყვეტილება წერილობით აცნობეს, თუმცა პაშინიანმა დოკუმენტი ჟურნალისტების თანდასწრებით დახია. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა 30-მდე მომიტინგე დააკავეს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე