"ქალთა მოძრაობა" ხელისუფლებას ფემიციდის წინააღმდეგ პეტიციით მიმართავს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 16.04.2018
ნანახია: 1934

„ქალთა მოძრაობა“ სისხლის სამართლის კოდექსში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობისთვის ფემიციდის დამატებას ითხოვს და პეტიციით საქართველოს პარლამენტს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი და ამით ვლინდება დანაშაულის გენდერული ხასიათი. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ფემიციდს. ფემიციდი ისჯება ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი მკვლელობა.

„ქალთა მოძრაობის“ განცხადებით, დღეს საქართველოში ქალები განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და დღეს ქალებს სიკვდილით სჯიან. სწორედ ამიტომ ისინი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამის უწყებებს მიმართავენ

საქართველოს პარლამენტს

მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.

პროკურატურას

სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს  ფემიციდის თავიდან აცილება.

საქართველოს პრეზიდენტს

არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე