ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 15.04.2018
ნანახია: 1057

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე დაკავებული პირის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, პოლიციის მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებული ვ.ბ. წარსულში ნასამართლევია. 2015 წელს ვ.ბ სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა. თუმცა ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით: "შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე